ქართული ენის დიალექტების მოკლე მიმოხილვა


ქართული ენა მოიცავს ჩვიდმეტამდე ნაცნობ დიალექტს, ისინი ძირითადად ორ ჯგუფში არიან განაწილებულნი, ესენია: დასავლური და აღმოსავლური. ისინი ერთმანეთისგან შემდეგი ასპექტებით განსხვავდებიან:
  • მორფოლოგიურად; 
  • სინტაქსურად 
  • ეტიმოლოგიურად; 
  • ფონეტიკურად; 
  • ლინგვისტურად. 
მიუხედავად ასეთი განსხვავებებისა, ნებისმიერი დიალექტი აგებულია სტანდარტული ენის სტრუქტურაზე. რამოდენიმე დიალექტის ჩამოყალიბებაზე გავლენა მეზობელი ქვეყნების (აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, რუსეთი) ენებმა მოახდინეს. ალბათ ყველას გსმენიათ ინგილოური, ესეც ერთ-ერთი დიალექტია, რომელზეც ახლა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველები საუბრობენ. ეს ტერიტორია მდებარეობს ალაზნის ხეობის ნაწილზე. (ჩვენი რაიონი უშუალოდ ესაზღვრება აზერბაიჯანს და უამრავი ინგილო ცხოვრობს როგორც რაიონულ ცენტრში, ისე მის ერთ-ერთ სოფელ სამთაწყაროში). კიდევ ერთი “დამტვრეული ქართულის” სამშობლოა კლარჯეთი - ტერიტორია, რომელიც თურქების მიერაა მითვისებული. მე-3 ობიექტი უცხოურ-ქართული დიალექტისა არის ფერეიდნული ქართული. ადამიანები, რომლებიც ამ ენაზე საუბრობენ, ცხოვრობენ ირანის ტერიტორიაზე. ისინი წარმოადგენენ მე-17 საუკუნეში შაჰ-აბასის მიერ გადასახლებული კახელების შთამომავლობას. ქართული დიალექტების ჩამოყალიბებაზე უცხოელებთან ერთად, რა თქმა უნდა, ქართველებიც “ზრუნავდნენ”. ჩვენი ქვეყნის მთიან რეგიონებში ხალხი ისეთ დონეზე ამარტივებს ქართულ ენას, რომ მათ თავიანთი დიალექტები შექმნეს.
ქართული დიალქტების კლასიფიკაცია ხდება მათი გეოგრაფიული არეალის მიხედვით, ქართველ ხალხთა ტრადიციული ეთნოგრაფიული ქვედანაყოფის მიხედვით. დასავლურ და აღმოსავლურ დიალექტებს შორის ზოგიერთი მეცნიერი გამოჰყოფს სამხრეთის ჯგუფსაც.
 სულ ხუთი ქვეჯგუფია:

ჩრდილო აღმოსავლეთის დაილექტები:


  • მოხევური 
  • მთიულურ-გუდამაყრული 
  • ხევსურული 
  • ფშავური 
  • თუშური 
აღმოსავლური დიალექტები :

  • კახური 
  • ინგილოური 
  • ფერეიდნული 
  • თიანეთური 
ცენტრალური (შუა) დიალექტები :

  • ქართლური 
  • ჯავახური 
  • მესხური 
აქ ჩამოთვლილი დიალექტებიდან დედოფლისწყაროში გავრცელებულია: ქიზიყური, ხევსურული, მთიულური, ფშაური, მოხეური, თუშური და ინგილოური. უკვე მრავალი წელია ამ კუთხეების წარმომადგენლები დედოფლისწყაროში ცხოვრობენ, რაც მათ მეტყველებაზე აისახა კიდეც, თუმცა, მაინც ხშირად ხმარობენ საუბარში დიალექტებს.

კახური (ქიზიყური ):

კახელები - ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი. ძირითადად ცხოვრობენ კახეთის მხარის ტერიტორიაზე. კახელები საუბრობენ კახურ დიალექტზე, რომელიც ლიტერატურული ქართული ენის ერთ-ერთი საფუძველია. ეთნოგრაფიულ-ლინგვისტური თვალსაზრისით კახელებს შორის ცალკე გამოყოფენ ქიზიყელებს და ინგილოებს.
თავისთავად, დედოფლისწყაროში უხვად გვხვდება კახური დიალექტი. კახეთი აღმოსავლეთ საქართველოს ვრცელ ტერიტორიაზეა გაშლილი. მოიცავს მდინარე ივრის შიდა და ქვემო დინებისა და მდინარე ალაზნის აუზს. დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფით კახეთში შედის: ახმეტის, თელავის, ყვარლის, გურჯაანის, სიღნაღის, ლაგოდეხის, დედოფლისწყაროს, საგარეჯოს რაიონები და თბილისის გარეუბანი. კახელები საკმაო რაოდენობით ცხოვრობენ თიანეთის რაიონში.
კახეთი იყოფა: გარეკახეთად (მდ. ივრის შუა წელი), ქიზიყად (მდ. ივრისქვემო წელი), შიგნიკახეთად (მდ. ალაზნის მარჯვენა სანაპირო) და გაღმა მხრად (მდ. ალაზნის მარცხენა სანაპირო). მიუხედავად ფართო გავრცელებულობისა, კახური მეტყველება ძირითადად ყველგან ერთნაირია. გამოიყოფა სამი კილოკავი: გარე კახური, შიგნიკახური და ქიზიყური. ქიზიყურის სახელწოდებით ცნობილია სიღნაღისა და ნაწილობრივ დედოფლისწყაროს რაიონების მოსახლეობის მეტყველება. დანარჩენი კილოკავებისაგან განსხვავებით, ქიზიყური მეტყველებისათვის დამახასიათებელია არქაული მოვლენები.

ხევსურული:

(ხევსურები - ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი, ძირითადად სახლობენ ხევსურეთში, დიდი კავკასიონის ორივე მხარეს ხევსურეთის არაგვისა და არღუნის აუზებში. ინტენსიური მიგრაციის შედეგად მათი სოფლები გაჩნდა აგრეთვე ხევში, ერწო-თიანეთში, კახეთში (შირაქი), ქვემო ქართლში (გარდაბანი). ხევსურები ლაპარაკობენ ქართული ენის ხევსურულ დიალექტზე. დიდი ხნის განმავლობაში ხევსურები ინარჩუნებდნენ ტრადიციული კულტურის ნიშნებს: ტანსაცმელი, იარაღი, მრავალ იარუსიანი საცხოვრებელი, ადათ-წესები და სხვა.)

ბევრი ხევსური ცხოვრობს დედოფლისწყაროში. მათ შექმნილი აქვთ მჭიდროდ დასახლებული უბნები. შესაბამისად, ხევსურული დიალექტიც მეტად არის გავრცელებული . ხევსურები მეტყველებენ ძველ ქართულ კილოზე და ერთმანეთთან საუბრის დროს ხევსურულად უქცევნ. ამის სანიმუშოდ მოვიყვანთ ხევსურული მოკითხვის ბარათს:
,,პირველად მრავალს მაკითხვას მაგახსენებ მზის უწინ სანახველო, საცხად სანატრელო, ჩემო იმედო, ძმაო აბიკავ! ხო კარგად ხარ, ხო არა გიჭირს, ან აოდ ხო არცა იყავ, ან სხო ხო არა გიჭირს? მაგვიკითხი შენებ ამხანაგები დიდი სიყვარულით. ვიცი შენის გულს ამბავი, რო ჩვენს საწყალ ამბავსაც იკითხავ. ჩვენაც მადლობა ღმერთს, არა გვიჭირს შენის უნახველობის მეტი. არც ვინ აოდ ვყოფილვართ, დედ-მამანიც კარგად არიან. მე არ მეგონ, თუ შენ სოფლელთ მაგოდნად აჩნიყავ, ისეთ დიდ ინაბარი-აქვ, რო ერთ ყანწ არაყ არ შაისმის, რო შენ სადღეგრძელი არ ითქვას. ძოღან შენ სამეშველოდ სოფელმ არხატის ჯვარში საკლავიც კიდე დაკლ. სოფლის სიკეთე კი არ-ა დასაცილები, თუ მშვიდობით მოხვედ კი, სოფელს სიკეთე არ უნდა დაუცილ. სხვა რაიღ მოგწერ? არც ვინ გაჩენილა, არც ვინ მამკვდარ, არც აღ ვის უშუღლავ, ხალხ გონთ მავიდ თანდათან-თვალით შავ გიზისავ, აღარავის უთქომ ერთუცი სადეემ წელწადში. სადაც ახალუხალ შაიყრებოდ კი, სრუ შენ თავი - ხქონდ სასაუბროდ: როს იქნებისავ. რო მავიდასავ თავის სოფელშიო, ჯვარ ჯვარის-კარშიავ. ერთ ახალ ლექსიც ას შენდ ნათქვამი, სრუ იმას იმღრებან ფანდურზე

ლექსობენ ახალუხალში:
,,სამშაბათს გათენება და მარტუაი-ორ ქალიო.
თქვენს დუშმანს აისეთაი, მე გავათენე ღამეო.
ჩემი ძმობილი მამგონდა, ცრემლი ჩამამდის ცხარეო.
ვეღარცაღ ვხედავ თვალითა, არც მამდის ნაუბარიო.
სადა ხარ, არხოტიონო, ხუთმეტის მთვარე მცხრალიო,
სწორფერთან ნამუსიანო, მაგტკივის ქალი,ზალიო.
მაკეთის საიმედოო, დუშმანთან ნიაღვარიო.
ბევრჯერ აწითე ჩაჩნური, აისხა სისხლის ცვარიო.
მელექსეს თურას იკითხავ,შორად ხევსურის ქალიო.”
შენი კეთილის მოსურნე კობა ცისკარაული.

მოხეური:
(მოხევეები - ქართველ მთიელთა ეთნოგრაფიული ჯგუფი. ძირითადად ცხოვრობენ ისტორიული ხევის ანუ თანამედროვე ყაზბეგის რაიონის ტერიტორიაზე, აგრეთვე მისი მოსაზღვრე ჩრდილოეთ ოსეთის სოფლებსა და ქალაქ ვლადიკავკაზში. მოხევეები საუბრობენ ქართული ენის მოხევურ დიალექტზე და გამოირჩევიან კულტურისა და ყოფის ზოგიერთი თავისებურებებით.)

ფშაური:
(ფშავლები - ქართველ მთიელთა ეთნოგრაფიული ჯგუფი. ძირითადად ცხოვრობენ დუშეთის რაიონში, ფშავის არაგვის აუზში. მათი კომპაქტური დასახლებებია აგრეთვე აღმოსავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებში: ერწო-თიანეთი, კახეთი. საუბრობენ ქართული ენის ფშაურ დიალექტზე. წარსულში ფშავლები გამოირჩეოდნენ კულტურისა და ყოფის ადგილობრივი თავისებურებებით: ისინი ცნობილნი იყვნენ შალეულის ნაწარმის დამზადებით, ხალხური ზეპირსიტყვიერების ბრწყინვალე ნიმუშებით და სხვა).

თუშური:
(თუშები - ქართველ მთიელთა ეთნოგრაფიული ჯგუფი, ცხოვრობენ თუშეთში- დიდი კავკასიონის ჩრდილოეთ ფერდობებზე, პირიქითა და გომეწრის ალაზნის სათავეებში, აგრეთვე კახეთში - ახმეტის რაიონის ტერიტორიაზე. თუშები საუბრობენ ქართული ენის თუშურ დიალექტზე, ხოლო მათი ერთი ჯგუფი - წოვა - თუშები - აგრეთვე ბაცბურ ენაზე. წარსულში თუშებისთვის დამახასიათებელი იყო კულტურისა და ყოფის ზოგიერთი თავისებურებები, რაც მათ განასხვავებდა საქართველოს სხვა კუთხეების მცხოვრებთაგან. ისინი მისდევდნენ მეცხვარეობას, შემონახული ჰქონდათ საოჯახო-თემური ტრადიციები, არიან მაღალგანვითარებული კოშკური არქიტექტურისა და მუსიკალური ხელოვნების შემოქმედნი.)

ინგილოური:
საინგილოს ტერიტორიაზე მრავალი ტომის წარმომადგენელი ცხოვრობდა XVIII-XIX საუკუნეთა მანძილზე და, ბუნებრივია , ეს იწვევდა ამ დიალექტის თავისებურებათა გაძლიერებას და სალიტერატურო ენისგან მის სულ უფრო და უფრო გამიჯვნას. მაგრამ ეს განშორება ურთიერგაგებას არასოდეს არ აძნელებდა. ინგილოური დიალექტის ენობრივი ნორმები ქართველი კაცისთვის მუდამ გასაგები იყო და ახლაც ასეა, თუმცა ეს დიალექტი მდიდარია თავისებური მოვნლენებით. ინგილოური დიალექტის ლექსიკურ ფონდში ძველი ქართული ენის ლექსიკურ ერთეულებს ერთ-ერთი თვალსაჩინო ადგილი უჭირავს თავის მოცულობითა და მნიშვნელობით. ინგილოურს ძალიან ბევრი ძველი სიტყვა შემოუნახავს, არქაული, თავდაპირველი მნიშვნელობით. ინგილოური კილოც , ისევე როგორც ქართული ენის სხვა დიალექტები, თავის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, უცხო ენობრივ გარემოს ზეგავლენის ქვეშაა მოქცეული. ინგილოური კილოს კონტაქტი ჯერ დაღესტნურ ენასთან, შემდეგ აზერბაიჯნულ ენასთან საუკუნეების მანძილზე მიმდინარეობდა, რის შედეგად, ზოგიერთ ქართულ სოფელში საერთოდ დაავიწყდათ მშობლური ენა.

გამოყენებული ლიტერატურა:


ი. გიგინეიშვილი, ვ. თოფურია, ი. ქავთარაძე, ქართული დიალექტოლოგია, თბ., 1961.
ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თ. ლომოურისა და ნ. ბერძენიშვილის რედაქციით, თბ. 1941.
გრ. იმნაიშვილი, ქართული ენის ინგილოური დიალექტის თავისებურებანი, თბ. 1966.
ა. მარტიროსოვი, გრ. იმნაიშვილი, ქართული ენის კახური დიალექტი, თბ. 1956.
თ. უთურგაიძე, თუშური კილო, თბ. 1960.
ი. ქავთარაძე, ქართული ენის მოხეური დიალექტი, თბ ,1985.
ა. ჭინჭარაული, ხევსურულის თავისებურებანი, თბ., 1960.
ა. ჭინჭარაული ხევსურული ლექსიკონი, თბ., 2005.

ბ. ჯორბენაძე, ქართველურ ენათა დიალექტები, თბ., 1995.

პრეზენტაცია

Комментариев нет:

Отправить комментарий